ჩანაწერი დაჩეხილია, საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს - ყიზილაჯლოში „ლელოს“ ყოფილი კანდიდატი

პუბლიკა

ყიზილაჯლოში „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, კარა ორუჯევი, რომელმაც კანდიდატურა „ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა, ამბობს, რომ პარტიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში მისი ხმა ისმის, თუმცა ის დაჩეხილია და საუბრის შინაარსი სინამდვილეს არ შეესაბამება.

მედიებთან მან აღნიშნა, რომ „ლელო“ თავისი ნებით დატოვა.

„ვადასტურებ, რომ გავრცელებულ მასალაში ჩემი ხმა ისმის, მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც „ლელოს“ პარტიის წევრია. მინდა ვთქვა, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. ახლო ნათესავებმა მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა მომეხსნა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამითაა განპირობებული. ლელოს პარტიის ლიდერებს განვუმარტე, რომ არ დაეშვათ ის შეცდომები, რაც წინა არჩევნებზე დაუშვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე პარტიიდან წავიდოდი. ამის მიზეზი ჩემში კი არა, არამედ პარტიის თავმჯდომარეშია, რომელმაც პროცესის ორგანიზება ვერ შეძლო. საერთოდ არ ვიცი რომელ კრიმინალურ ავტორიტეტებზეა საუბარი. ჩანაწერში ამგვარი რამ არ არსებობს. არავის არც ფული შემოუთავაზებია და არც კრიმინალურ ავტორიტეტებთან მისაუბრია. რაც ვთქვი, არის ის, რომ ვერც კრიმინალები და ვერც ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეწოლას. პარტია საკუთარი ნებით დავტოვე“, – თქვა „რუსთავი 2-ის“ თარგმანის მიხედვით, კარა ორუჯევმა.

„იმედი“ ამბობს, რომ კარა ორუჯევი უკვე გამოიკითხა რუსთავის საოლქო პროკურატურაში.

29 სექტემბერს „ლელომ“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათი განცხადებით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ კანდიდატზე ზეწოლის, მუქარის, ძალადობისა და მოსყიდვის მცდელობა.

„ჩვენ ხელთ გვაქვს ის ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესს, ე.წ. შავ სამყაროს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რომელთანაც თანამშრომლობს „ქართული ოცნება“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.