ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი – ალექსანდრე ბერძენიშვილი და ბესიკ ბერძენიშვილი.
უწყების ცნობით, დაკავებულებმა, 2023 წელს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, დღეის მდგომარეობით კი არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში – სამი სკოლა, ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის.
უწყების ცნობით, გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს.
„სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაგეგმეს დარეგისტრირებულიყვნენ კვალიფიციური მიმწოდებლის რეესტრში ე.წ „თეთრ სიაში“, რომელიც მიმწოდებელს ანიჭებს უპირატესობას ისარგებლოს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულებმა ისარგებლეს აღნიშნული შეღავათებით, წარადგინეს მხოლოდ 50%-იანი საბანკო გარანტია, რა გზითაც თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.
თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაუფლებული თანხის ნაწილი, 1 211 000 ლარი, ფიქციური დანიშნულებით გადარიცხეს ბრალდებულების სხვა კომპანიაზე, საიდანაც თანხები გადანაწილდა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ პირზე, რითაც მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – აცხადებს უწყება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
საჯარო რეესტრის თანახმად, 2023 წლის სექტემბრამდე შპს ლაგის 50%-იანი წილის მფლობელები „ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას ჯერ და, შემდეგ კი სიძე იყვნენ.
კერძოდ:
შპს „ლაგი კაპიტალი” 2015 წელს დაარსდა. მაშინ „ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას და, ნინო ზარქუა კომპანიის 50%-იან წილს ფლობდა. 25%-25%-იან წილებს ფლობდნენ ლაშა გრიგალავა და გიორგი ლომიტაშვილი.
2022 წლის 13 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, ნინო ზარქუას ნაცვლად 50%-იანი წილის მფლობელი ხდება მისი ქმარი, ალექსანდრე ამისულაშვილი.
რამდენიმე დღეში, 2022 წლის 17 ოქტომბერს კი ამისულაშვილის ნაცვლად 50%-იანი წილის მფლობელად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჯე5-ია მითითებული. შპს ჯე5-ის 100%-იან წილს ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობს.
2023 წლის სექტემბერში შპს „ლაგის“ 100%-იანი წილის მფლობელი ხდება ია რამიშვილი. რამიშვილივეა გაფორმებული კომპანიის დირექტორად. დღეს დაკავებული ბესიკ ბერძენიშვილი კომპანიის დირექტორის პოსტზე 2025 წლის მარტში დანიშნეს.
„ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ 2024 წლის სექტემბერში მომზადებული მასალის თანახმად, ია რამიშვილს ალეკო ამისულაშვილმა და წილების სხვა მფლობელებმა კომპანია, რომელსაც სახელმწიფო ტენდერები ჰქონდა მოგებული, უსასყიდლოდ გადასცეს.