გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ამის შესახებ უწყება X-ზე წერს.

ინფორმაციის მიხედვით, დროებით რწმუნებულს მკაფიო გზავნილი გადასცეს, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს”.

„დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ჩვენ მკაფიო გზავნილი გადავეცით: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.

 


24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარა და როგორც მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, მას „ვენის კონვენცია“ შეახსენა და განუმარტა, რომ ელჩი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს.

„ოცნების“ საგარეოს განცხადებით, ქართულმა მხარემ ელჩთან შეშფოთება გამოხატა „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობებთან“ დაკავშირებით.

უწყების დატოვების შემდეგ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მან უარყო მის მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები და რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაურესებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ.

„გერმანული მხარის პოზიციიდან მე დეტალებში უარვყავი უსაფუძვლო ბრალდებები ჩემ მიმართ.

გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ასეთ დონეზე გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, ვინც თავიანთი რიტორიკითა და ქმედებებით გამოიწვია ეს, დაბლოკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

არ მომისმინეს. მე არ ვარ რადიკალი. გერმანია რჩება საქართველოს მეგობრად“, – დაწერა ფიშერმა X-ზე.