SJC: დაკავებულის გაშიშვლება სახელმწიფო რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა

პუბლიკა

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „კოალიცია ცვლილებების“ წევრის, გელა ხასაიას დაკავების შემდეგ საპროცესო დარღვევებს ეხმაურება.

გუშინ, 1 ოქტომბერს, გელა ხასაიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ პოლიციის განყოფილებაში გაჩხრეკისას 20 წუთის შუალედში ორჯერ გააშიშვლეს, ადგილი ჰქონდა დამამცირებელ საუბარსაც.

SJC-ის შეფასებით, „ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების მზარდი კონსოლიდაციის პარალელურად, პოლიციის ორგანოები და სახელმწიფოები ინსტიტუციები იჩენენ კიდევ უფრო მეტ თვითნებობას და სისასტიკეს მოქალაქეებთან ურთიერთობისას, ხოლო ამ ინსტიტუტების სრული პარტიული კონტროლის პირობებში, სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკური ოპონენტებზე ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა.

„პირის სრული გაშიშვლება პირადი ჩხრეკის ჩატარების განსაკუთრებით ინტენსიური ფორმაა, რომელსაც მკაცრად განსაზღვრული წინაპირობების აქვს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს არაერთ საქმეში განუმარტავს, რომ ლეგიტიმური მიზნისა და სათანადო დასაბუთების გარეშე პირის განმეორებითი და სრული ჩხრეკა უხეშად არღვევს ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების მოთხოვნებს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, იმ შემთხვევებშიც კი როდესაც გაშიშვლება არ ატარებს განსაკუთრებულად დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ფორმებს, მისი განმეორებითობა დაკავებულ უჩენს შფოთვისა და დაუცველობის განცდას, აყენებს მორალურ ტანჯვას მისი თვითნებურობის გამო, რაც სცდება ჩხრეკის დასაშვებ დონეს.

ამასთან, გელა ხასაიას მონათხრობი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომუნიკაციის შესახებ, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს გაშიშვლების ფაქტს და, ერთი მხრივ, აჩენს სერიოზულ ვარაუდს, რომ ეს ზომა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, არამედ დაკავებულის კიდევ უფრო მეტად დამცირებას ემსახურებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, თავად გაშიშვლების და ჩხრეკის პროცესს კიდევ უფრო მეტად ღირსების შემლახველად აქცევს დაკავებულისთვის.

ცალსახაა, რომ პოლიციის განყოფილებაში გელა ხასაიას მიმართ განხორციელებული ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – წარმოადგენს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას. ამის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ. პირადი ჩხრეკის პროცესში ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე რეაგირება არ ჰქონია არც სახალხო დამცველს.

გელა ხასაიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, ერთი მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი პირების დევნისა და მათ მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების, მეორე მხრივ, კი რეპრესიული საპოლიციო პრაქტიკის მკაფიო გამოვლინებაა.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს შეისწავლოს გელა ხასაიას მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტები და ზოგადად დაკავებული პირების შესაბამის დაწესებულებაში განსახლების დროს გაშიშვლების პრაქტიკა, მიიღოს სპეციალური და სწრაფი ზომები მის აღმოსაფხვრელად. ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატაროს გელა ხასაიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგი, რომელიც ფაბრიკაციისა და სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზაციის სერიოზულ ეჭვებს აჩენს“, – ახადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის შეფასებას სრულად გაეცანით ბმულზე.