დახარველიძის ცნობით, 4 ოქტომბერს დაკავებული რუსლან შამახია გათავისუფლდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, რომელიც 4 ოქტომბერს დააკავეს, გათავისუფლდა.

დარახველიძეს არც დღეს და არც 4 ოქტომბერს არ უთქვამს, უკავშირდებოდა თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას.

შსს-ის განცხადებით, შამახია დაკავებული იყო ცეცხლსასროლი იარაღისა და  საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. მასთან ერთად დააკავეს 1978 წელს დაბადებული ს.ფ.

დღეს დარახველიძემ თქვა, რომ რუსლან შამახიას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საბრძოლო მასალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა”.

რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს –  დარახველიძის ცნობით:

„სამართალდამცველების მიერ  ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე  საცხოვრებელი  ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ­– დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი“, – თქვა „ოცნების” შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე ცნობით, ს.ფ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.