კირცხალიას თქმით, ელჩების დანიშვნას „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია წყვეტს, ამიტომ კონტრპროდუქტიულია გაძევების მოთხოვნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგი გამართა და კიდევ ერთხელ გაიმეორა პარტიის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები „გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს“.

„ოცნების“ დეპუტატის მტკიცებით, „დღეს არაერთი მოწინავე ევროპული სახელმწიფო, ისევე, როგორც ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და ევრობიუროკრატია, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშაა“. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „დიფ სთეითს“ ებრძვის და ელიან, რომ „გარკვეული პაუზა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში შეიმჩნევა და რომელიც უკვე დიდხანს გაგრძელდა, მალე დასრულდება და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებით სწორ პოზიციას დააფიქსირებს“.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები – კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, დარჩებიან „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“ მანამ, სანამ „ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება“ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე“.