ბრალი წარუდგინეს კაცს, რომელმაც პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია 5 ოქტომბერს თბილისში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც მოქალაქემ პატრულ ინსპექტორი დაჭრა. მ.გ. იმავე დღეს დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს – პატრულ-ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა. ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პოლიციელების მხრიდან დანაშაულის აღკვეთისა და დაზარალებულისთვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარების გამო“, – წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოში პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.