4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს ორი მუხლით:
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს:
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
რას ამბობს ბრალდების მხარე
პროკურატურის შეფასებით, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს…
„თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს.
იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.
პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს…
მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ”, – განაცხადა დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ.
დაცვის მხარის პოზიცია
დაცვის მხარის პოზიციით, ეს არ იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ეს იყო საქართველოს კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნება, ვინაიდან:
„როდესაც ბრალდება საუბრობს, რომ ეს იყო ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სინამდვილეში ეს იყო მცდელობა, რომ აღკვეთილიყო ის აღვირახსნილი ძალადობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს ქართულ საზოგადოებაზე“, – თქვა მანჯგალაძისა და ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში გვაქვს ტირანია და ტირანიის მიმართ ადამიანის იმ ფორმით პროტესტი, რაც ამ ხალხმა გამოხატა, არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს დანაშაულად.
მან დღევანდელ პროცესზე მუხლების მიხედვით წარმოადგინა დაცვის მხარის პოზიცია.
„317-ე მუხლი – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა სახეზე არაა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია თუ ვინმემ დაარღვია, დაარღვია მოქმედმა ხელისუფლებამ, უზურპატორმა, ვისი გადაყენების მოტივითაც იქნა ეს აქცია შეკრებილი… თუ კონსტიტუციური გადატრიალება ამ ქვეყანაში ვინმემ მოახდინა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი დაჯგუფება.
19 -222 შეეხება სტრატეგიული ობიექტის ძალადობით დაკავება – დღეს აქციის მონაწილეების მხრიდან „გასაღების გადაბარებით” კი არ ჩამოიქცეოდა პრეზიდენტის სასახლის ინსტიტუციური ფუნქცია, არამედ ის უკვე ჩამოქცეულია იმით, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს… არალეგიტიმური ხერხებით და გზით ის არჩეულია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტი უკვე დაკავებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. და ეს იყო მცდელობა, რომ ხალხის ხელში დაბრუნებულიყო, ვინაიდან ძალაუფლების წყარო არის ხალხი.
225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება – პატაკი მაინც რომ არსებობდეს, ვინმეს ჩვენება, რაიმე ჩანაწერი მაინც, რომ აქ წარმოდგენილი რომელიმე პირი თუნდაც 10 დემონსტრანტს სახელობითად იცნობდა, აორგანიზებდა და მოქმედებაში მოჰყავდა, მაშინ ვიტყოდი, რომ ეს იყო 225-ე მუხლი…
მიტინგზე სცენაზე მყოფი ადამიანი თუ გააკეთებს განცხადებას, ეს არ ნიშნავს, რომ მიტინგზე მდგომი ადამიანები მისი ჯგუფის წევრები არიან… იქ არ იყვნენ მირეკილი ტიტუშკები, იქ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, თავისუფალი ნების ადამიანები, რომლთაც მიაჩნიათ, რომ დიახ, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხალხმა ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს… რაც შეეხება საკითხს, რომ ეს ხალხი იყო საინიციატივო თუ საორგანიზაციო კომიტეტი, ეს არის პოლიტიკური განაცხადი. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ გამოძიება პირველი განცხადებისთანავე უნდა დაწყებულიყო. მაშინ ეს ადამიანები დაჯგუფებად არ ჩაუთვლიათ. მაშინ არ მიუჩნევია არც შსს-ს და არც პროკურატურას, რომ რაიმე დანაშაულებრივი ჯგუფი შეიქმნა. შესაბამისად, არც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას არ აქვს ადგილი”, – ამბობს ბასილაია.
ბრალდებულების განცხადებები იხილეთ ბმულზე: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე.