4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 5 პირს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

პუბლიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 5 პირს – მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას” დაკავებულთა ადვოკატები უდასტურებენ.

ამასთან, როგორც შოთა თუთბერიძე ამბობს, შესაბამისი დადგენილების ჩაბარების შემდეგ მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

დაცვის მხარე ამ შეზღუდვას ბრალდებულთა ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად აფასებს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით,  სატელეფონო ზარები, პაემნები და მიმოწერა მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე 9 დეკემბრამდე შეეზღუდათ. იუსტიციის სამინისტროს კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი – 1tv.ge ავრცელებს.


4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 46 პირი დააკავა.

მათ შორის არიან „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები – მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. მათ ბრალი სამი სხვადასხვა მუხლით ედებათ.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს:

▪️სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
▪️ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
▪️ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;

ლაშა ბერიძეს:

▪️ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
▪️ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;

პაატა მანჯგალაძე:

▪️ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება;