„კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის გამო“ კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა მის მიერ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო“.

ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად გუშინ რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – წერია „ოცნების“ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. ეუთო-ს თავმჯდომარე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე – „ქართული ოცნების“ წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა:

„მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლებას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“.

განახლება: ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ის თანახმად, ელინა ვალტონენმა მათ უთხრა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა.