ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
„დღეს მე ვნახე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესანიშნავი მუშაობა ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ სპეტი მისიასთან ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდასაჭერად.
როგორც ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის პრინციპებით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუბრუნდეს კონფლიქტამდელ პოზიციებს“,- წერს ელინა ვალტონენი X-ზე.
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
გუშინ ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა. მოგვიანებით კი X-ზე აქციის მონაწილეთა მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.”