საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის შეფასებით, ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
საია დღეს, 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა ავტორიტარული მმართველობის დამყარების ტენდენციის გაგრძელებაა.
„კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მოიხმობენ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მიზანია დემოკრატიული პროცესების დაცვა მისი „ბოროტად გამოყენებისგან“.
თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის დოქტრინა მართლაც აღიარებს, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს თავის დაცვის უნარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დოქტრინის შეუცვლელი ნაწილია ლიბერალური, წარმომადგენლობითი დემოკრატიული წესრიგი, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ აქტორებს შორის თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობას და გამყარებულია სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებით, ასევე პლურალიზმისა და ტოლერანტობის პრინციპებით.
აღნიშნული კანონპროექტი კი აჩენს რეალურ რისკს, რომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ავტორიტარული ტენდენციების გასამყარებლად და ფასადურად, დემოკრატიის დაცვის მოტივით, პოლიტიკური ოპონენტების განადგურების იარაღად იქცეს.
პარტიასთან კავშირში მყოფი პირების პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა, წარმოადგენს სრულიად ბუნდოვან და გაუმართლებელ პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება). ამავე მუხლით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრ სახემწიფოებს აკისრიათ ვალდებულება დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს. პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პუნქტით
გარდა ამისა, კანონპროექტიდან არ ჩანს, თუ რას მოიცავს პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება და მასში რა სახის კავშირი იგულისხმება. კანონის ასეთი ბუნდოვანი რეგულაცია კი ტოვებს ინტერპრეტაციის ფართო არეალს და ქმნის მისი ბოროტად გამოყენების რისკს, რომ ოპოზიციურად განწყობილი პირების აქტივობა სასამართლოს მეშვეობით მარტივად შეიზღუდოს პარტიასთან „დაკავშირებული პირის“ სტატუსით. თავისთავად, ბუნდოვანი ნორმა მისი არაკონსტიტუციურობის საფუძველს შეიძლება ქმნიდეს.
პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია: ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულია სანაცვლო სამართლებრივ სიკეთესთან შედარებით. პარტიასთან დაკავშირებულობა თავისთავად, არ ქმნის პასუხისმგებლობას პარტიის უკანონო ქმედებებისთვის. ადამიანი არ შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ ის კავშირში იყო პარტიასთან, რომელიც აიკრძალა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ვარიანტით ეს პასუხისმგებლობა არ არის დროითი ვადით შემოსაზღვრული და კონკრეტულ პარტიასთან კავშირი პირისათვის შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერის დასრულების ტოლფასი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც არსებითად არაპროპროციულად ზღუდავს პირის პოლიტიკურ უფლებებს.
წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის მითითებული უფლებამოსილება, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა დაეკისრებინა, მით უმეტეს – კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ მიმდინარე კანონმდებლობაში მარტივი უმრავლესობის გზით ცდილობს მისთვის სასურველი საკანონმდებლო ველი შექმნას.
ზემოთ განხილული ინდივიდუალური ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ ეროზიას იწვევს. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, კონსტიტუცია ზღუდავს ასეთ უფლებამოსილებას მკაფიოდ განსაზღვრული წესით.
შესაბამისად, საიას შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ითვალისწინებს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან. ცვლილებით არაპროპორციულად, განუსაზღვრელი ვადით იზღუდება ინდივიდის უფლებები, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური სპექტრის გაქრობა გამოიწვიოს“, – წერს საია.
„ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.
ცვლილებები შედის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.
კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენს შეეძლება, მოითხოვოს, რომ პირს, რომელიც დაკავშირებულია ისეთ პარტიასთან, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, აეკრძალოს:
- პარტიის დაფუძნება,
- პოლიტიკური პარტიის წევრობა,
- პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელობა/წევრობა,
- სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობის და
- კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება
თუ საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სარჩელს დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში ასეთ პირს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აეკრძალება.