ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს:
„პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოს.
იმისთვის, რომ ხალხმა თავისი უფლება განახორციელოს, სჭირდებათ გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური ალტერნატივებით, რომელთა შორისაც ისინი არჩევანს გააკეთებენ.
ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): [მონაწილე სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი განხორციელება თითოეული ადამიანისთვის.
მონაწილე სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.
ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებიდან 50 წლის თავზე, გიწვევთ ფინეთში, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დააკვირდით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
P.S. ბოდიში, დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია”. – დაწერა X-ზე ელინა ვალტონენმა.
14 ოქტომბერს ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა. მოგვიანებით კი X-ზე აქციის მონაწილეთა მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა.
X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვალტონენმა თქვა:
„მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლებას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“.
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე „ქართული ოცნების“ წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
15 ოქტომბრის დილას „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ელინა ვალტონენმა გააუქმა და არა პირიქით, როგორც ეს „ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციამ თქვა.
ელინა ვალტონენი თბილისის შემდეგ ბაქოში გაემგზავრა, სადაც შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.