აქტივისტების ინფორმაციით, გამთენიისას შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა

პუბლიკა

აქტივისტების ინფორმაციით, წუხელ შსს-მ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

მათი ცნობით, დაკავებულთა შორის არიან: მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, დავით ღურწკაია, თემურ ქურციკიძე, მიხეილ და გია თოლორაიები, კახა კვაჭანტირაძე.

აქტივისტები წერენ, რომ მარიამ მეყანწიშვილი სახლში 6 წლის შვილის თვალწინ დააკავეს. ის მარტოხელა დედაა.

სიმონ მახარაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მისმა ბიძაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ გამთენიისას სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ავტომატებით შეცვივდნენ.

„მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი დაადევს თავზე, ხალხო, „მე არაო“ – 4 წლის ბავშვი იძახდა. …ძაღლებს და კნუტებს მოგიკლავთო… იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და ამხელა სპეცოპერაცია ჩაატარა შსს-მ ისე, რომ არ გაითვალისწინა ბავშვები“, – თქვა მან.

დავით ღურწკაიას ცოლის ცნობით, მისი ქმარიც სამი წლის ბავშვის თვალწინ დააკავა სპეცრაზმმა.

„დილით შემოვიდნენ, დაახლოებით, 6 საათი იქნებოდა. ალბათ, 5 სპეცრაზმელი იქნებოდა და 5-6 პოლიციელი. სახლში მე, მეუღლე და 3 წლის ბავშვი ვიყავით. გვეძინა. დათო რომ გავიდნენ, ეგ სპეცრაზმელები საძინებელშიც შემოვიდნენ და ბავშვს გაეღვიძა. მერე ხელბორკილები დაადეს და დაკითხვასავით იყო.

თავიდან ისე შემოვიდნენ, სპეცოპერაციასავით იყო. აბრახუნებდნენ კარზე. ჩაკეტილი გვქონდა გასაღებით თორემ ეგრევე შემოვიდოდნენ. მერე უთხრეს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების გამო აკავებდნენ. შენობის აღების მუხლი იყო და მეორე მუხლიც იყო, მე და ბავშვი აქეთ ოთახში ვიყავით და კარგად ვერ გავიგონე, მგონი, ნივთების დაზიანებას შეეხებოდა. 2020-ის აქციებიც შეახსენეს, აქტიური აქტივისტი ყოფილხარო. ამას კარების ჩამტვრევას რომ ედავებიან, არ ჩაუმტვრევია, უბრალოდ იქ იდგა. არ ვიცი, რა კადრები აქვთ.

ამ სახლში მე-4 თვეა, ქირით ვართ. იარაღებით შემოვიდნენ და ბავშვს იმიტომ არ შეეშინდა, რომ თვითონაც აქვს ეგეთი იარაღი და მერე ის გამოტიანა, თამაში ეგონა, თორემ არ ვიცი, საბჭოთა კავშირში რომ იყო და ეგრე შედიოდნენ, ეგეთი სიტუაცია იყო დღეს. მეზობლებისგან გავიგე, 3 თუ 4 დღეაო, თქვენს ტერიტორიაზე სულ პოლიციელები დადიანო და მე არც შემიმჩნევია, დათო ღამემდე მუშაობს. თურმე წინასწარ გვზვერავდნენ ეს დღეები. გერმანიაში ვაპირებდით წასვლას. ბოლო თვეებია, დათო რესტორანში მუშაობს, შემოსავლის ერთადერთი შემომტანია“, – უთხრა თამარ ჭითანავამ „პუბლიკას“.

დაკავებებთან დაკავშირებით შსს, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ავრცელებს. უცნობია, კონკრეტულად რისთვის არიან ისინი დაკავებული.

მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.