კობახიძე დაკავებებზე: სპეცრაზმი საჭიროა, როცა იმალებიან. ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება 

პუბლიკა

„ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ შეკითხვას იმის შესახებ, რომ დღეს, 17 ოქტომბერს, დილის 6-7 საათზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ სპეცრაზმი ავტომატებით შეცვივდა სახლებში, სადაც ბავშვებიც იყვნენ. მათ შორის, ასე მოხდა მარიამ მეყანწიშვილის, სიმონ მახარაძის და დავით ღურწკაიას დაკავებისას.

„სპეცრაზმი საჭიროა, როცა ამდენი ხნის განმავლობაში იმალებიან ადამიანები. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც გვქონდა მეტი და არავის არ შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმათ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ყველა უნდა შეეგუოს ამას”. – თქვა კობახიძემ.

4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს 55 ადამიანი. მათ შორის 50 – აქციის მონაწილეა. 2 მათგანი გირაოთი გაათავისუფლეს. კიდევ ორს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ჯამში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე სისხლის სამართლის წესით დევნა დაწყებულია 57 ადამიანზე.