შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება დაიწყო. დღეს, 19 ოქტომბრის დილიდან პოლიცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ნაწილს გზის გადაკეტვას ედავება, ნაწილს კი აქციაზე სახის დაფარვას.
დაკავებულების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის, დაკავებულები არიან: ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, ლევან მარგიანი, შალვა ჩუბინიძე, საბა ხომერიკი, ლაშა ჩხარტიშვილი, ვახო სანაია, თორნიკე თხილავა და ლევან ჯობავა.
ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, „როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროვებას რეჟიმის მხრიდან“. სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს.
„ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.
ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე „კვირის ფორმულას“ წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, – წერს „ფორმულა“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 16 ოქტომბერს საბოლოოდ მიიღო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის ფორმები ეზღუდებათ.
ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
- თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
- სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.