პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე.
პროკურატურისა და სუსის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული კიდევ 5 პირის საქმეში ჩხრეკები ჩატარდა.
უწყების ცნობით, ამავე საქმის ფარგლებში ჩხრეკა დამატებით ჩატარდა 11 ობიექტზე.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის – კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, კობა ხუნდაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების გასათეთრებლად „შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა“.
„დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.
შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში.
გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.
აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
კობა ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.