აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2025 წლის 22 ოქტომბერს გამოაცხადა ახალი სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, კერძოდ — ქვეყნის ორ უმსხვილეს ნავთობის კომპანიაზე, „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“.
OFAC-ის გადაწყვეტილებით, სანქციები ვრცელდება არა მხოლოდ „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“, არამედ მათ შვილობილ კომპანიებზე და ყველა ორგანიზაციაზე, სადაც მათ აქვთ 50%-ზე მეტი წილი.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, სანქციების მიზანია კრემლის შემოსავლების შემცირება და მისი სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვა უკრაინაში ომის დასასრულებლად ზეწოლის გაზრდით.
სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ ახლა დროა, შეწყდეს სისხლისღვრა და გამოცხადდეს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა.
„ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით, „როსნეფტი“ ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. „ლუკოილი“ კი თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.