ზურაბიშვილი: 26 ოქტომბრიდან 1 წელი გავიდა, 1 წელი, რაც ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია

პუბლიკა

უწყვეტი საპროტესტო აქციების 333-ე დღეს თბილისში გაიმართა მსვლელობა – „ბოლომდე, გამარჯვებამდე“. მას შემდეგ, რაც მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან მივიდნენ გადაიკეტა გზა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლიტიკოსებმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ლეგიტიმაციის მოპოვება:

„2024 წლის 26 ოქტომბრიდან გავიდა ზუსტად ერთი წელი. ერთი წელი, რაც ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ვერაფრით ვერ მოიპოვა ლეგიტიმურობა. ვერც თავისი მცდელობებით, რომ ვიღაცეებს ხელი ჩამოართვან, სადაც შეძელს, ვერც იმით, რომ ვიღაცეები შეიყვანეს პარლამენტში ან აპირებენ, რომ შეიყვანონ. ვერაფერი ვეღარ უშველის ამ რეჟიმს, რომელმაც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, როცა ჩაატარა რუსული არჩევნების სცენარი. ეს ერთი წელი გავიდა ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს სცადა რეჟიმმა, რომ შეეტყუებინა ხალხი იმ რაღაც აბსურუდულ სცენარში, რომელცი მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება მოხარშულიყო, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია. ეს ტყუილად არ აირს ნათქვამი. ქართველმა ხალხმა იცის როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე.

რა გამოჩნდა ამ 1 წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ საზოგადოების, ქართველი ხალხის მხარეს არის პირველ რიგში, სოლიდარობა, არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე; საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები არიან, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, ძალიან მარტო არიან, არავინ მათ გვერდით არ დგება, არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც „ფეისბუქ“ პოსტებით. მარტონი არიან. საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, არის თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა, როგორ არალეგალური – ნულოვანი თანაგრძნობაო თქვეს, მაგრამ ხალხში არის ეს თანაგრძნობა, არის ერთიანი ბრძოლა.

ჟურნალისტები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან ძალიან დიდი საფრთხეები წინაშე, დღეს ციხეში არიან. დაწყებული მზია ამაღლობელით, მაგრამ მზია ამაღლობელის სახელი, ყველა ჩვენი ჩვენი ჟურნალისტების სახელით საზღვრებს იქით გავიდა და დაჯილდოვდა, როგორც სიმბოლო საქართველოსი და ქართველი ხალხის ბრძოლის.

არამხოლოდ ჟურნალისტები, არიან ადვოკატები და იურისტები, რომლებიც 1 წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ ემსახურებიან სხვებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი არიან დღეს. ეს არის ძალა ამ საზოგადოების. ეს არის ძალა საქართველოსი. პატრიოტიზმი ამ ხალხის მხარეს არის, რომელიც აქ დგას, ამ დროშების უკან. რეჟიმი არის რუსეთის მხარე, რომელსაც შემოჰყავს რუსული სანქცირებული გემი, შემოაქვს რუსული ნავთობი გადასამუშავებლად და ყველა მისი პროპაგანდისტული ნათქვამი არის პირდაპირი კოპირება იმის, თუ რასაც უბრძანებენ მოსკოვიდან. ეს არ არის საქართველოს მომავალი და არასდროს იქნება“, – თქვა ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, საზოგადოება იხდის ჯარიმებს და ავსებს ბიუჯეტს, „რეჟიმის“ წარმომადგენლები კი ტოტალურ კორუფციაში არიან ჩაფლულები. ზურაბიშვილის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „ცოტას კიდევ გაუძლონ“:

„ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი რომ გააგრძელოს, მისი დღეები დათვლილია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ კიდევ ცოტა, კიდევ გავუძლოთ. მინდა ვუთხრა პოლიტიკური პატიმრების მშობლებს: მე მესმის, როდესაც ვამბობ: „კიდევ ცოტა გავუძლოთ“ ეს არ არის მარტივი სიტყვები. ამას როდესაც ვამბობ, მარტივი სიტყვები არაა იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველ დღე აქ დგანან და ყოველ დღე იღებენ საკუთარ თავზე ამ მოძრაობის უწყვეტობას. მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არასდროს არის ადვილი, როდესაც საუბარია, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა არ დავუთმოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს.

ეს არის აქ, უკვე არის ჩვენი, თქვენი გამარჯვებაა. კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, კიდევ მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ აქ ამ მომავლისთვის ყველა ერთად ვდგავართ“.

აქციაზე სიტყვით გამოსვლები „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელმა, ლევან ცუცქირიძემ დაიწყო, რომელმაც მოითხოვა: „გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა, გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები“.