„არ აქვთ რეალური ზეგავლენა" — კობახიძე განმარტავს, რატომ არ კრძალავენ ზოგიერთ პარტიას

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ზოგიერთ პარტიას არ კრძალავენ, ვინაიდან მათ „არ აქვთ რეალური ზეგავლენა პროცესზე”.

საქმე ეხება „ოცნების” ინიციატივას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. 28 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ ენმ-ის, „ლელოს“ და „ახალის“ აკრძალვის მოთხოვნით. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების გაუქმება შეეძლება, „ქართული ოცნების” პარლამენტმა 16 ოქტომბერს დაამტკიცა.

ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროპაგანდისტული „ტვ იმედის“ ეთერში თქვა:

„არის, მაგალითად, იმავე გერმანიაში ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბებული და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც მიჰყვება იმავე ლოგიკას. იყო, მაგალითად, შეტანილი სარჩელი „ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის“ აკრძალვასთან დაკავშირებით და სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ იმის გამო, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდა ბარიერის გადალახვის რეალური რესურსი და ეს იყო თავისი არსით ძალიან მცირე, ზეგავლენის არმქონე პარტია.

როცა პარტიას არ აქვს არსებითი ზეგავლენა რეალურ პროცესზე, ამ შემთხვევაში ის რეალურ საფრთხესაც არ უქმნის კონსტიტუციურ წყობილებას. ეს პრაქტიკა გავითვალისწინეთ“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „თუ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლას ვინმე თუ შეეცდება”, პარტიების აკრძალვის წესს „ე.წ მემკვიდრე პარტიებზეც გაავრცელებენ”.