„გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, 2026-2035 წლების ჩათვლით“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების“ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს უნდა იყოს ლაკონიური დოკუმენტი, რომელშიც „გაწერილი იქნება კონკრეტული მიზნები და ამოცანები და მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები“.
„გვინდა, რომ დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით. გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყო ლაკონიური დოკუმენტი, რომელშიც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები და მიზნები და ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ვადები.
მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება და გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.