მერაბ ტურავა: ვაი, თქვე უტვინოებო. ჟურნალის რედაქტორობიდან გასვლა შეთანხმებით მოხდა

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა გამოეხმაურა ტურავა ინფორმაციას, რომ ის გერმანული KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს. ინფორმაცია თავდაპირველად Tiflis24.de-მ გაავრცელა.

​ტურავამ მოქალაქე ელენე ქაიხოსროშვილის ფეისბუქ-პოსტის კომენტარად დაწერა:

„ვაი, თქვე უტვინოებო. გარიცხვა კი არა, ჩემთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა შემადგენლობიდან გასვლა, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ განწესებული იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, რაც შეუსაბამო იყო ამ ჟურნალის აკადემიურ დამოუკიდებლობასთან. ამის შესახებ იყო წინასწარი წერილობითი მიმოწერა ჩემს კოლეგებთან და შეთანხმება. ტყუილად ნუ გიხარიათ და ავრცელებთ ცრუ ინფორმაციებს”.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის 29 აპრილს დაინიშნა. ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა 30 მარტს ამოეწურა.