„დაეუფლნენ 5 მლნ ლარის მილსადენებს" —  დააკავეს ლევან გამრეკელი და კიდევ 2 პირი

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობის მუხლით  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი – პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლა შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ლევან გამრეკელი ბიზნესმენია.

ის 2018 წლიდან იყო ხაშურის საკრებულოს წევრი, ხოლო 2021-2025 წლებში ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან გამრეკელი არ მოხვდა „ქართული ოცნების” 2025 წლის 4 ოქტომბრის საკრებულოს საარჩევნო სიაში.

ლევან გამრეკელის ფინანსური დეკლარაციების თანახმად, მისი 2021 წლის შემოსავალი 3 მილიონ ლარს აღემატებოდა.

„ფლანგვის დეტექტორის” თანახმად, 2021 წელს მან ახლად დაარსებული კომპანიიდან მოგების სახით 1.2 მილიონი ლარი მიიღო.

ამავე წელს გამრეკელმა 50,000 დოლარად Mercedes G Class შეიძინა.

„ფლანგვის დეტექტორისვე” მოკვლევით, 2015 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო შესყიდვებში ლევან გამრეკელთან დაკავშირებულმა სამმა კომპანიამ 26 ტენდერით 3 მილიონამდე ლარი მიიღო, აქედან 10 ტენდერი – მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან.