„ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრები, რომელთა პროტესტი უკვე 750 დღეზე მეტია გრძელდება, დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროსთან მივიდნენ და მინისტრთან საჯარო შეხვედრა მოითხოვეს.
მათ სამინისტროს კარი ჩაკეტილი დახვდათ, ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მოძრაობის წევრებმა რამდენიმე საათი დაჰყვეს ადგილზე და ცდილობდნენ მიეღოთ პასუხი თუ რატომ ვერ შედგებოდა საჯარო შეხვედრა, თუმცა განმარტება უწყების წარმომადგენლების მხრიდან, როგორც ამბობენ არ მიუღიათ.
მათივე თქმით, უწყების წარმომადგენლების მხრიდან იყო მზაობა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართულიყო, საჯაროობის და ვიდეო-ჩანაწერის გაკეთების გარეშე, რაზეც მოძრაობის წევრები არ დათანხმდნენ.
„ჩვენ სამი დღის განმავლობაში ვცდილობდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრას რაზეც მივიღეთ დაუსაბუთებელი უარი და შემდეგ გადავწყვიტეთ მათ ზემდგომ ორგანოსთან მოვსულიყავით და დღეს მოვედით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
ასევე გამოგზავნილი გვქონდა აქაც წერილი 2 კვირით ადრე, რომელზეც პასუხი არ მიგვიღია და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ თავად მოგვეკითხა პასუხი… მაგრამ კარი დაგვხვდა ჩაკეტილი, დაცვა იყო შიგნით გამაგრებული, გვითხრეს რომ ვერ შევიდოდით, მაგრამ არ უთქვამთ რატომ, გამოიძახეს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და ვერ ვგეუბნებიან მიზეზს თუ რატომ ჩარაზეს კარი, რატომ არ უშჩვებენ არავის.
ჩვენი მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა იყო რომ გვითარით პასუხი, გვხვდებით ან თუ არ გვხვდებით რატომ?
გვითხრეს რომ შევხვდებით დახურულ კარს მიღმა და ჩვენ დასაბუთებულად ავუხსენით თუ რატომ ვერ შევხვდებით საჯაროობის გარეშე, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთგზის ვნახეთ ცილისწამება, ჩვენს მიმართ დაცული ტერიტორიეიების სააგენტოს მხრიდან და არა ვართ დაზღვეული იმისგან, რომ იქ ერთს ილაპარაკებენ და მეორეს ილაპარაკებენ კამერებთან, რღაცებს დაგვაბრალებენ.
ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, შესაბამისად არაფრის არ გვეშინია საჯაროობის და თვითონ თუ ეშინიათ საჯაროობის ეს იმიტომ, რომ რაღაც დასამალი აქვთ და ეს არის კორუფცია , კანონდარღვევები რომლებიც ამ 3 წლის განმავლობაში ჩაიდინეს როგორც სახელმწიფოს ისე ადგილობრივი მოსახლეობის და ბუნების ძეგლის წინაშე“,- უთხრა „პუბლიკას“ მოძრაობის წევრმა ცოტნე თვარაძემ.
„ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრები, რომელთა პროტესტი უკვე 750 დღეზე მეტია, გრძელდება, 11 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდნენ, რათა პირისპირ, საჯაროდ შეხვედროდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ თავმჯდომარეს ბესიკ ამირანაშვილს.
როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ჩამოსვლამდე, 2 კვირით ადრე თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი გაგზავნეს სააგენტოში, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ, ამიტომ გადაწყვიტეს თბილისში ჩამოსვლა და სააგენტოს ოფისში მისვლა, თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით.
სამი დღის განმავლობაში მათ მცდელობის მიუცედავად სააგენტოს თავმჯდომარესთან საჯარო შეხვედრა ვერ შეძლეს.
გუშინ, 13 ნოემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააგენტო „მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით კომუნიკაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან პროფესიულ, საქმეზე ორიენტირებულ ფორმატში.“
როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, თითქმის 2 წელია, უშედეგოდ მოითხოვენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებული კორუფციული სქემის გამოძიებას. 29 ნოემბერს ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულებას ვადა ეწურება და ადგილობრივი მოსახლეობა „კორუფციული და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ხელშეკრულების“ განახლების წინააღმდეგ გამოდის.