ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა გადაუდებელი მოსაზრება „ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა და რომლითაც დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის ფორმები ეზღუდებათ.
ოდირი აფასებს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და აცხადებს, რომ ისინი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.
ოდირი წერს:
„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების საფუძვლების განუყოფელი ნაწილია, რომელშიც სხვადასხვა წარმომავლობისა და შეხედულებების მქონე პირებსა და ჯგუფებს შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი აზრი, შეიკრიბონ და მშვიდობიანად იურთიერთონ ერთმანეთთან. სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულებები, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ ამ უფლებების განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების ეფექტიანი დაცვა ხელს შეუწყობს ღია დემოკრატიის კულტურის განვითარებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის შესაძლებლობას და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დიალოგის გაღვივებას.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის მკაცრ სამნაწილიან ტესტს, კერძოდ, ის უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით, უნდა ემსახურებოდეს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ლეგიტიმური მიზნის დაცვას და უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული ამ მიზნის მისაღწევად. ამავე დროს, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს არადისკრიმინაციული.
ეს გადაუდებელი მოსაზრება უნდა წავიკითხოთ იმ სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც ადრე გამოთქვეს ODIHR-მა, საერთაშორისო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა და ორგანოებმა, ეროვნულმა დამკვირვებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით – კერძოდ, იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ზედმეტად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, ასევე ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავების გამო, რაც საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების აშკარა დარღვევაა.
16 ოქტომბერს მიღებული კანონები აწესებენ გაცილებით მკაცრ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელებს. ისინი გამორიცხავენ შესაძლებლობას, გამოყენებულ იქნას ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატიული სახდელები, ნაგულისხმევ სასჯელად აწესებენ უფრო ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პატიმრობა და სისხლის სამართლის პატიმრობას, თუ პირს უკვე ჩაუდენია იგივე ქმედება წარსულში.
ეს კიდევ უფრო ამძაფრებს 2025 წლის თებერვალსა და 2024 წლის დეკემბერში შემოღებული შეზღუდვების ნეგატიურ გავლენას, რომლებიც 2025 წლის მარტში გამოქვეყნებულ გადაუდებელი მოსაზრებაში ODIHR-მა საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაში არასათანადოდ ჩარევად მიიჩნია.
2025 წლის ოქტომბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აწესებს 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, როგორც ერთადერთ სასჯელს შეკრებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე და სასამართლოს ართმევენ უფლებას, დააწესოს უფრო მსუბუქი სახდელები, როგორიცაა პროპორციული ხასიათის ჯარიმა ან გაფრთხილება.
ეს მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მოითხოვენ, სანქციები დაწესდეს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში, იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ დაკავებას აწესებს, როგორც სტანდარტულ, ნაგულისხმევ პასუხს ისეთ არაძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც ისეთი სერიოზულობის დონესაც კი არ აღწევს, რომელიც შეიძლება ამართლებდეს უფრო მკაცრ მიდგომას. ეს ქცევებია ნიღბის ტარება, ლაზერის ქონა და სამანქანო გზის გადაკეტვა.
მაშინ, როცა თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა, არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლების მშვიდობიანად გამოყენების დროს. ნაკლებად მკაცრი ალტერნატიული სანქციების არარსებობა ასევე ძირს უთხრის პროპორციულობის პრინციპს.
ეს ყოველივე, ასეთი დაკავებების გასაჩივრების ეფექტური საშუალებების არარსებობასთან ერთად აძლიერებს თავისუფლების ბოროტად გამოყენების პოტენციალს და თავისუფლების თვითნებური აღკვეთის რისკს, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.
სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლში შეტანილი ცვლილებებით, ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაწესდეს გარკვეული არაძალადობრივი ქმედებების ჩადენისთვის, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებად არის კვალიფიცირებული, თუ პირს წარსულში ჩადენილი აქვს იგივე სამართალდარღვევა, ხოლო ორ წლამდე ვადით დარღვევის გამეორებისთვის, საზოგადოებისთვის ან ადამიანებისთვის ზიანის მიყენების განზრახვის ან ასეთი ზიანის რეალურად მიყენების მტკიცებულების გარეშე.
როგორც წინა მოსაზრებებშიც აღინიშნა, არაპროპორციული სასჯელები არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას არღვევს, რადგან მათ შეიძლება შეაფერხონ ასეთი ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა, ანუ შემაფერხებელი გავლენა მოახდინონ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების განხორციელებაზე.
საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ახდენს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფის ან სხვა „შეურაცხმყოფელ ქმედებების“ კრიმინალიზებას და განმეორებითი დანაშაულისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასეთი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რომელმაც შეიძლება სუბიექტური ინტერპრეტაცია გამოიწვიოს, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს.
ეს საჯარო მოხელეების ლეგიტიმური კრიტიკის ავტორების მიმართ არასწორი, ზედმეტად ფართომასშტაბიანი, თვითნებური და/ან მიზანმიმართული აღსრულების რისკს შეიცავს, რითაც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და კიდევ უფრო გააძლიერებს სამოქალაქო აქტივიზმზე დამაშინებელ ეფექტს.
როგორც ODIHR-ის 2025 წლის მარტის გადაუდებელ დასკვნაშია ხაზგასმული, შეკრებასთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულების ბუნდოვანმა და ფართო ფორმულირებამ შეიძლება სამიზნედ აქციოს განსხვავებული შეხედულებების გამომხატველი პირები, ადამიანის უფლებათა დამცველები, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები ან სხვა პირები, რომლებიც კანონიერად სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით.
მეტიც, ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელების მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებების კუმულაციური ეფექტი, აღსრულების ნიმუშებთან ერთად განხილვისას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაშვებული მიზნების მიღმა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით.
მთლიანობაში, 2025 წლის ოქტომბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რომ ის არ შეესაბამება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს, განსაკუთრებით კი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9, მე-19 და 21-ე მუხლების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლებს. ამიტომ, მიღებული კანონები უნდა გაუქმდეს.
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) ასევე იმეორებს წინა რეკომენდაციებს 2025 წლის თებერვლის ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც ეს ხაზგასმულია მის 2025 წლის მარტის გადაუდებელ დასკვნაში”.