ლიდერების განცხადება უკრაინაზე: 28-პუნქტიანი გეგმის პროექტი დამატებით მუშაობას მოითხოვს

პუბლიკა

დიდი შვიდეულის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ტრამპის 28-პუნქტიან გეგმის პროექტზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ მივესალმებით უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით აშშ-ის მცდელობებს.

28-პუნქტიანი გეგმის თავდაპირველი პროექტი მოიცავს მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც არსებითი იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ პროექტი არის საფუძველი, რომელიც დამატებით მუშაობას მოითხოვს. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ, რათა მომავალში მშვიდობა იყოს მდგრადი.

ჩვენთვის ცალსახაა პრინციპი, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.

ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ უკრაინის შეიარაღებულ ძალების შესახებ შემოთავაზებული შეზღუდვებით, რაც უკრაინას დაუცველს დატოვებს მომავალი თავდასხმების წინაშე.

ჩვენ ვიმეორებთ, რომ ევროკავშირთან და NATO-სთან დაკავშირებული ელემენტების განხორციელებას, შესაბამისად, ევროკავშირისა და NATO-ს წევრების თანხმობა სჭირდება.

ჩვენ ვიყენებთ შესაძლებლობას და ხაზს ვუსვამთ უკრაინისადმი ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის სიმტკიცეს.  გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასა და აშშ-სთან უახლოეს დღეებში.“

განცხადებას უერთდებიან:

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა;
  • ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი;
  • გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი;
  • საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი;
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი;
  • იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი;
  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი;
  • ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი;
  • ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, დიკ შოფი;
  • ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, მაიკლ მარტინი;
  • ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორი;
  • კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი;
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სანაე ტაკაიჩი;
  • პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირი აშშ-ის გეგმაზე სპეციალურ შეხვედრას გამართავს 24 ნოემბერს.

„ევროკავშირის 27-ვე ლიდერი მოვიწვიე ორშაბათს ლუანდაში, ევროკავშირი-აფრიკის კავშირის ფარგლებში უკრაინაზე სპეციალური შეხვედრისთვის,” – წერს ანტონიო კოშტა.