„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს ჰკითხეს აქციაზე დაკავებულ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე, გიორგი მამნიაშვილზე. ადვოკატმა თქვა, რომ იზოლატორში შესახლებისას ის სრულად გააშიშვლეს და „აკეთებინეს ე.წ. ბუქნები შემოწმების მიზნით“, რაც აკრძალულია.
დარახველიძე ამტკიცებს, რომ ადამიანის შესახლებისას სავალდებულოა გაშიშვლება, რომ დაზიანებების აღწერა მოხდეს.
„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონით გათვალისწინებულია, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, მისი დაუმორჩილებლობა არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ადამიანი, თუკი მსგავს ქმედებას სჩადის, ბუნებრივია, მის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიების გატარება ხდება. ჩვენ წარვადგენთ ყველა საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ხდება ადამიანის შესახლება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის“, – თქვა დარახველიძემ.
გიორგი მამნიაშვილი 22 ნოემბერს დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, გიორგი მამნიაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყმყოფელ და კანონით აკრძალულ ქმედებას. ადვოკატი ამბობს, რომ ის სრულად გააშიშვლეს და გააკეთებინეს ბუქნები შემოწმების მიზნით.
29 მარტს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ „სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა“. ასევე, მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება.
13 ივნისს ომბუდსმენმა გაავრცელა ცნობა, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.