Eagle Hills-ის სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურის დასანიშნად კანონში ცვლილებები შეაქვთ.
ცვლილებები შედის „მეწარმეთა შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონებში.
დღეს არსებული კანონით, ისეთ საწარმოში, სადაც სახელმწიფო ფლობს 50%-ზე მეტს, შეიძლება, შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნება საჯარო მოსამსახურე. კანონი არ ითვალისწინებს 50%-ზე ნაკლები წილის საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურის არსებობის საგამონაკლისო შესაძლებლობას.
სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ კანონში დაჩქარებული წესით შეაქვს ცვლილება.
Eagle Hills-ის პროექტში სახელმწიფოს წილი 33%-ია.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელმწიფოსა და EAGLE HILLS-ის ერთობლივი წილით მოქმედი შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები.
ვინაიდან ამ საწარმოში სახელმწიფოს 50%-ზე ნაკლები, 33%-იანი წილი აქვს, კანონში შედის ცვლილება, რომ შესაძლებელი გახდეს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლის დანიშვნა.
კანონში ცვლილება შემდეგნაირადაა ფორმულირებული:
„სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მსგავსად, შესაძლებელია, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს.“