„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა „ოცნების“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას თქვა, რომ Eagle Hills-თან არსებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს, რადგან ეს არის „კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი“, რათა „აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან“.
კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებებიდან 1554-ს აქვს კომერციული საიდუმლოს სტატუსი, რომელთა შორისაა, მისივე თქმით, ანაკლიის პორტის ხელშეკრულება.
„რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, მოლაპარაკებებისთვის სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეფუძნება, საქართველოს კანონმდებლობას, ერთი მხრივ და მეორე მხრივ – საერთაშორისო პრაქტიკას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ ყველა ძირითად პუნქტზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„გასაიდუმლოებულია მხოლოდ ნიუანსები ამ ხელშეკრულების, რეალურად, დეტალები. რაც შეეხება ხელშეკრულების ძირითად არსს და ყველა ძირითად პუნქტს, რეალურად, ყველა ძირითადი პუნქტის შესახებ საზოგადოებას ჩვენ გავაცანით დეტალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, კომპანიასთან შეთანხმებით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით:
- პროექტი ხორციელდება ჯამში დაახლოებით 850 ჰექტარ ფართობზე, აქედან კრწანისის ტერიტორია არის დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობი, გონიოს – დაახლოებით 250 ჰექტარი ფართობის ტერიტორია;
- ხელშეკრულებას ჰყავს ორი მხარე – მთავრობა და Eagle Hills-ს. სახელმწიფოს წილი საერთო კომპანიაში არის 33.3%, ხოლო Eagle Hills-ს წილი 66.7%.
- „საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ“, კობახიძის თქმით, „ჩვენ შევდივართ მიწით, მიწის ნაკვეთებით, ამ პროექტში“.
- „ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ვალდებულებები მთლიანად არის პარტნიორი კომპანიის მხარეს“.
კობახიძის განცხადებით, ეს კომპანია არის „დუბაის სასწაულის უშუალო შემოქმედი“ და წარმატებული პროექტები აქვს არაერთ სხვა ქვეყანაში.