თავისუფლების მოედანი BBC-ის მასალაზე: ვიწყებთ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

პუბლიკა

„თავისუფლების მოედანი“ BBC-ის გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ იწყებენ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად. BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.

„თავისუფლების მოედანი“ აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალასთან და ექსპერტთა ჯგუფთან:

„ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია! მსგავსი დანაშაული საქართველოს ისტორიაში გვახსოვს მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილს რუსების მხრიდან.

ჩვენ ვიწყებთ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობას ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალასთან და ექსპერტთა ჯგუფთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პასუხი აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ათი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში, პასუხს აგებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმებით!
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს ემატება ქიმიური იარაღის მჭიდროდ დასახლებულ ზონაში გამოყენება, სადაც არის სკოლა და ზიანი მიადგა არამხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ საფრთხე შეექმნა სკოლის მოსწავლეებს და იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
არცერთი დაზარალებული არ დარჩება უყურადღებოდ!
არცერთი ფაქტი არ ჩაიფარცხება! და არცერთი გადაწყვეტილების მიმღები არ დარჩება დაუსჯელი!“