შავ ზღვაში თავს დაესხნენ რუსულ ტანკერს, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი მოჰქონდა.
ინფორმაციას თურქეთი ავრცელებს.
2 დღის წინ შავ ზღვაში უკრაინული დრონები დაესხნენ თავს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 2 ტანკერს, „კაიროსს“ და „ვირატს“.
თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატი აცხადებს, რომ MIDVOLGA-2-ზე თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 130 კილომეტრში განხორციელდა. ეკიპაჟის 13 წევრი უვნებელი დარჩა და გემს დახმარება არ მოუთხოვია.
ის თურქეთის სინოპის პორტისკენ მიდიოდა.
1 დეკემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმო უკრაინული დრონების თავდასხმა რუსულ გემებზე და თქვა, რომ ეს კონფლიქტის „შემაშფოთებელი ესკალაციის“ სიგნალია.
„ჩვენ ვერ მივესალმებით მსგავს თავდასხმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სანავიგაციო უსაფრთხოებას, სიცოცხლეს და გარემოს, განსაკუთრებით ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში. ჩვენ გამოვცემთ აუცილებელ გაფრთხილებას ყველა მხარისთვის, ვისაც ეს ეხება“. – განაცხადა ერდოღანმა.
2 დღის წინანდელი თავდასხმა რუსულ გემებზე თურქეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა
პორტალ OpenSanction-ის თანახმად, ორივე გემი გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების საშუალებად.
განახლება:
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და მიუთითა, რომ
Midvolga 2 საქართველოსკენ არ მოდიოდა.
„სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე, ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ თითქოს ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში, არ ეყრდნობა არანაირ ფაქტებს“. – აცხადებს სააგენტო.