სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ BBC-ის ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ექიმი დავით ჩახუნაშვილი გამოიკითხა.
ჩახუნაშვილის თქმით, გამომძიებლებმა ექიმების ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები და დაინტერესდნენ, იყო თუ არა კვლევაში საუბარი ნივთიერება „კამიტიზე“.
„აინტერესებდათ, სად ვსწავლობდი, როგორია ჩემი სამეცნიერო ხარისხი და სად მაქვს კვლევები გამოქვეყნებული. მეორე საკითხი შეეხებოდა [ექიმების ჯგუფის მიერ მომზადებულ] კვლევას, დაინტერესდნენ კვლევის მეთოდოლოგიაზე, შინაარსსა და დასკვნაზე.
დეტალებში ავუხსენი მოსამართლეს, რა იყო კვლევის მიზანი, როგორი იყო მეთოდოლოგია და დასკვნა, უბრალოდ გამოძიების მხარეს ისევ ჰქონდა კითხვები – რა იყო დასკვნა, როდესაც ამაზე პასუხი გაცემული მქონდა. როგორც ჩანს ვერ მიხვდნენ, არ იყვნენ კვლევის მეთოდოლოგიებში კარგად გაცნობიერებულები და გარკვეულნი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ.
ასევე, დაინტერესდნენ ფიგურირებდა თუ არა „კამიტი“ ჩვენს სტატიაში. ჩვენ კვლევაში ამაზე საუბარი არ ყოფილა.
[დაბარების] მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ჰქონდეთ მცდელობა, მომავალში რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე ფსიქოლოგიური თუ სხვანაირი ზემოქმედების მოახდინონ – შეიძლება აღარ მოუნდეს ადამიანს კვლევის ჩატარება, შეიძლება ვინმეს აღარ მოუნდეს უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება და ასე შემდეგ.
დაკავების მოლოდინი, არ ვიცი, უნდა მქონდეს თუ არა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში ადამიანებს კვლევის ჩატარება აღარ მოუნდეთ, ან უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღონ“, – თქვა დავით ჩახუნაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკვე გამოიკითხა დავით ჩახუნაშვილის ძმა, კოტე ჩახუნაშვილი.
BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამვლელი ქიმიური იარაღი, რომელსაც „კამიტს“ უწოდებენ.
BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში კი ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს.
BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.
BBC თავისი გამოძიების ფარგლებში ესაუბრა ექიმ კოტე ჩახუნაშვილს, რომელიც თავადაც იყო საპროტესტო აქციაზე და წყლის ჭავლიც მოხვდა. მისი თქმით, კანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეწვოდა, ხოლო წყლით ამ შეგრძნების მოშორება შეუძლებელი აღმოჩნდა – პირიქით, წყალი აუარესებდა მდგომარეობას.
ჩახუნაშვილმა გადაწყვიტა, მოეკვლია, სხვებსაც ჰქონდათ თუ არა მსგავსი სიმპტომები და სოციალური მედიის დახმარებით გამოკითხვა ჩაატარა. 350 ადამიანიდან, რომლებიც გამოეხმაურა, დაახლოებით ნახევარს ჰქონდა ერთი ან რამდენიმე სიმპტომი 30-ზე მეტი დღის განმავლობაში.
ექიმმა გამოკითხული პირებიდან 69 პირადადაც გასინჯა და აღმოაჩინა, რომ მათი გულის ელექტრულ სიგნალებში აღინიშნებოდა „ანომალიების მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელება“.
სუსმა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.