საია: შსს არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 20-21 ივნისს დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 20-21 ივნისს (გავრილოვის ღამე) დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს.

საია დაზარალებულთა უფლებებს უკვე მრავალი წელია იცავს როგორც ეროვნულ, ისე – საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე რამდენიმე დაზარალებულის საქმის განხილვა დასრულდა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარალებულებისთვის მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ამ პირებს შორის არიან, მათ შორის, ისეთი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც სახელმწიფოს მათ სასარგებლოდ სარჩოს გადახდაც დაეკისრა.

„სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული და შესაბამისად, აღარ საჩივრდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. გაჭიანურდა გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცესიც. მიუხედავად მიმართვისა, აღსრულების ეროვნული ბიურო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჭიანურებდა სააღსრულებო წარმოების დაწყებას.

იმის მიუხედავად, რომ არაერთ დაზარალებულთან მიმართებით, გასულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადებიც, აღსრულების ეროვნული ბიურო დღემდე არ ასრულებს მის მოვალეობას და იძულებით არ აღასრულებს გადაწყვეტილებებს.

საყურადღებოა, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გართულებული კომუნიკაციის საკითხიც – რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთი ზეპირი კომუნიკაციისა თუ წერილობითი განცხადების მიუხედავად, დაზარალებულებს არ მიეწოდებოდათ სრულყოფილი ინფორმაცია, რატომ არ იწყებდა აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესს. აღნიშნული, წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამავდროულად, ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობას“, – აცხადებს საია.

2024 წლის 7 მაისს, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად ცნო.

სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, რის შემდგომ საქმე მომჩივნების მოთხოვნიდან გამომდინარე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს:

აღსრულების ეროვნულ ბიუროს – გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი დაზარალებულთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულად აღსრულების მიზნით;

შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეასრულოს კანონი.

ცნობისთვის, დაზარალებულთა ნაწილმა საიას დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. აქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე 2025 წლის 11 დეკემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე გამოცხადებს.