„ოცნება“ გეგმავს, პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები „არსენალის მთაზე“ გადაიტანოს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ჩუღურეთში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილ „არსენალის მთაზე“) სამთავრობო ქალაქის მოწყობას გეგმავს. საამისოდ მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი, გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების შესყიდვაზე.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ბაზრის კვლევას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების შემდეგ მათ საფუძველზე დამუშავდება დეტალური პროექტი.

ტექნიკური დავალების დოკუმენტის თანახმად, ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობებია:

  • პარლამენტის შენობა — ფართი არანაკლებ 31 350 მ²
  • მთავრობის ადმინისტრაციის შენობა — ფართი არანაკლებ 7 000 მ²
  • ღონისძიებების დარბაზი — ფართი არანაკლებ 10 000 მ²
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო — ფართი არანაკლებ 7 500 მ²
  • შენიშვნა: უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის აღნიშნული შენობა-ნაგებობების გარშემო გათვალისწინებული უნდა იყოს ღობე.
  • საოფისე შენობები
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 20 700 მ²
  • რეგიონული განვითარების სამინისტრო — ფართი არანაკლებ 3 200 მ²
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 51 900 მ²
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო — ფართი არანაკლებ 23 800 მ²
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 47 400 მ²
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 7 600 მ²
  • კულტურის სამინისტრო — ფართი არანაკლებ 3 600 м²
  • თბილისის მერია — ფართი არანაკლებ 59 900 მ²
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური — ფართი არანაკლებ 7 000 მ²
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი — ფართი არანაკლებ 1 800 მ²
  • სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები. 

„პროექტის მთავარი მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თანამედროვე, ერთიანი და მდგრადი სივრცის შექმნა, რომელიც სრულფასოვნად იქნება ინტეგრირებული დედაქალაქის გეგმარებით სტრუქტურაში.

პროექტი უნდა შემუშავდეს ისე, რომ უზრუნველყოს მისი ეტაპობრივად განხორციელების შესაძლებლობა. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს სამშენებლო სამუშაოების ფაზებად დაყოფას სხვადასხვა ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობების შესაბამისად“. – წერია ტექნიკური დავალების დოკუმენტში.

ამ დროისთვის პროექტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა.