პაპუაშვილი: კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევითაა, ღონისძიების მონაწილეებს განსაზღვრავს მასპინძელი მხარე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თურქმენეთში ირაკლი კობახიძის მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას ეხმაურება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრება.

მედიებში გავრცელდა ფორუმზე გადაღებული ჯგუფური ფოტოები და ვიდეოები.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ აარიდა თავი ირაკლი კობახიძემ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან საერთო ფოტოს გადაღებას, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კობახიძე თურქმენეთში პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება და ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს მასპინძელი მხარე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება თურქმენეთში პრეზიდენტის მიწვევით ფორუმზე, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. პრემიერი იქ წარმოადგენს საქართველოს.

საქართველოს ხელისუფლებამ ერთი რამ დაამტკიცა ბოლო წლების განმავლობაში – ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით. ვინც მზად არის პატივი სცეს ჩვენი ხალხის ინტერესებს, მზად ვართ ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ვინც პატივს არ სცემს ამ ინტერესებს, მათ არ ვესაუბრებით“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

– ჟურნალისტი: პუტინი სცემს პატივს ამ ინტერესებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?

– პაპუაშვილი: რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. შესაბამისად, არ ვსაუბრობთ.

თქვენ შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთთან. არის ერთადერთი ჟენევის ფორმატი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე გვქონდეს კონტაქტი, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

– ჟურნალისტი: ისაუბრებენ ირაკლი კობახიძე და პუტინი თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით?

– პაპუაშვილი: არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის.

– ჟურნალისტი: საერთო ფოტოს გადაღებაში პრობლემას ვერ ხედავთ?

– პაპუაშვილი: თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ ერთ პლანეტაზე რომ ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი? საქართველოს პრემიერი მონაწილეობს ღონისძიებაში თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით და ღონისძიების მონაწილეებს განსაზღვრავს მასპინძელი მხარე.


თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

ფორუმში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს. ის აშხაბადში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრება.