„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის შესახებ აცხადებს, რომ ამით „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“ და სახელმწიფოს ისედაც აქვს წვდომა მოქალაქეთა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე.
მისივე თქმით, ამ მონაცემების უსაფრთხოებას კანონმდებლობა უზრუნველყოფს.
„რაც შეეხება მონაცემებს, სახელმწიფოს, ზოგადად, სხვადასხვა სახის მონაცემები აქვს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაფინანსებისა და დაზღვევის ფარგლებში ინფორმაცია აქვს ადამიანების სხვადასხვა საჭიროების, როდესაც მკურნალობენ და უფასოა ჩვენთან მკურნალობის დიდი ნაწილი, ადამიანები როდესაც სარგებლობენ, მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, ეს ინფორმაციები, რა თქმა უნდა, არსებობს. ზოგადად, ამაზე კიდევ უფრო მეტი სენსიტიური თემები გროვდება სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სახელმწიფო, მათ შორის, სერვისების გაწევის დროს, იღებს ბევრ ინფორმაციას. ამიტომ გვაქვს ჩვენ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი. ამისთვისაა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომლებიც დაცულია. ბევრი სენსიტიური მონაცემია, მათ შორის, ჯანმრთელობის მხრივ. როდესაც პაციენტები მიდიან და სხვადასხვა დაფინანსებას იტარებენ, ეს ინფორმაციაც ხომ აქვს სახელმწიფოს, როცა მიმართავენ… აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა თუ აქვს და სხვა მხრივ პრობლემა თუ აქვს, რომ მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე, სამინისტრო არ იგებს, რა პრობლემები აქვს?
ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია. არ შეიძლება, რომ ადამიანის ჯანმრთელობის თემა განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებმა გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისთვის. მათ შორის, ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება, პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის.
სახელმწიფოს ბევრი სენსიტიური მონაცემი აქვს და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მსგავსი სენსიტიური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები დაცული იყოს. მე არ მგონია, რომ დღემდე ვინმეს პრეტენზია წარედგინა რომელიმე უწყებისთვის, რომ მსგავსი კატეგორიის პერსონალური მონაცემი დაცული არაა. პირიქით, მედიის მხრიდან ვხედავთ სხვადასხვა პერსონალური მონაცემის გამჟღავნებას.
[ამ მონაცემების ბოროტად გამოყენებისგან რა გვაზღვევს] ჩვენ გვაზღვევს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოში არსებობს და გვაზღვევს კანონმდებლობა. თქვენ თუ არ ენდობით, ტოტალური უნდობლობა თუ გაქვთ სახელმწიფოს მიმართ, მაშინ ანარქისტი ყოფილხართ და სახელმწიფო ყოფილა გასაუქმებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა იგეგმება.
კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და პარლამენტში ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში დააინიციირეს. პირველი მოსმენით პროექტი 2025 წლის მარტში მიიღეს, მეორე და მესამე მოსმენით კი პროექტს მხარი 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაუჭირეს.
კანონპროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1 მარტამდე უნდა უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღნიშნულ ბაზაში მონაცემების განთავსების კრიტერიუმების შემუშავება, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებიდან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა შესახებ მონაცემების მოპოვება და საინფორმაციო ბაზაში ასახვა.