ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, დღეს უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსების შესახებ გამოსავალი იქნას მოძებნილი. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს მათი საბოლოო მიზანია.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კარგია, რომ ევროპის საბჭომ აიღო ვალდებულება, მომდევნო 2 წლის განმავლობაში შეამციროს უკრაინის დაფინანსების დეფიციტი, რაც 137 მილიარდი ევროა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს ამ თანხის 2/3 – 90 მილიარდი ევრო დაფაროს.
„მე ორი წინადადება წარმოვადგინე, ორი ვარიანტი. ერთია ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება, ამ ბიუჯეტიდან სესხება. მეორე ვარიანტია რეპარაციის სესხი“, – თქვა ურუსულა ფონ დერ ლაიენმა.
რეპარაციის სესხი გულისხმობს უკრაინისთვის სესხის გაცემას, რომელიც მომავალში ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებში განთავსებული, გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება.
რუსეთის 210 მილიარდი ევროს გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი ბელგიაში არსებულ ფინანსურ კომპანია Euroclear-ში ინახება. ბელგია შიშობს, რომ თუ რუსეთი გაყინულ თანხებს დაიბრუნებს, სესხის დაფარვა მას მოუწევს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს ასევე თქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ეკონომიკური საკითხები. მისი თქმით, აუცილებელია სხვებზე ზედმეტად დამოკიდებულების შემცირება.
„ეს მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის გზით არის შესაძლებელი“, – ამბობს ფონ დერ ლაიენი.
მან ილაპარაკა მერკოსურის ქვეყნებზე (არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი და ვენესუელა) და აღნიშნა, რომ ეს 700-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარია და მნიშვნელოვანია მათთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მწვანე შუქის ანთება.