პეტერბურგში ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინს შეხვდა

პუბლიკა

პეტერბურგში ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მანამდე ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ასევე დსთ-ის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) არაფორმალურ სამიტში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პუტინმა ფაშინიანს უთხრა, რომ მოხარულია მისი პეტერბურგში ყოფნით.

რუსეთის საგარეო უწყებისვე ცნობით, მათ გაცვალეს მოსაზრებები 2 დღის განმავლობაში გამართული სამიტების შესახებ.

„რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ისინი ვითარდება. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, როგორც გუშინ ვისაუბრეთ, კორექტირებას განიცდის. თუ 2024 წელს მან 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მან 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ესეც კარგი მაჩვენებელია და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში მის გაზრდას შევძლებთ“, – თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, აქვთ პერსპექტიული გეგმები.

„ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის შესახებ, ბირთვული ენერგიის ჩათვლით. ახლა დეტალებს არ ჩავუღრმავდებით, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

იგივე ეხება ლოჯისტიკასაც: ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს თქვენ დასვით კითხვები სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებით, სადაც შეგვეძლო ერთად მუშაობა. ვგულისხმობ ძველი მარშრუტების აღდგენას და ახლის შექმნას, რაც სომხეთის საზღვრებს გახსნის“, – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

პეტერბურგში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომასა და დსთ-ის ქვეყნების არაფორმალურ სამიტს დატვირთული გრაფიკის საბაბით არ დაესწრო ილჰამ ალიევი.