დღეს სუს-ის გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია. უწყების მტკიცებით, 4 ოქტომბრის აქციის „მთავარი ორგანიზატორი“ იყო ბაჩო ახალაია.
უწყების მტკიცებით, „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან ბაჩო ახალაიას სატელეფონო ინტერნეტ-კავშირი ჰქონდა. თუმცა სუს-ს არ დაუკონკრეტებია, კომუნიკაციის შინაარსი.
„სისხლის სამართლის საქმე სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცემა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს“, – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
სუს-ის ცნობით, ახალაიასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლე – ანა ნადარეიშვილიც, თუმცა ის გაათავისუფლეს.
„გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში“, – განაცხადეს ბრიფინგზე.
ბაჩო ახალია 10 ოქტომბერს კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, ის უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს.
„ძალიან მრცხვენია და ძალიან მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და სამზარეულოდან ვადევნებდი ამ ყველაფერს თავს, სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა…
მგონია, რომ პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, რომელზეც დახარჯეს 13 წლის განმავლობაში რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე ბუა, მათ შორის, ერთი მე ვარ“, – ამბობდა ბაჩო ახალია.
4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ თქვა, რომ მათ ელფოსტაზე მივიდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ტელევიზია ამბობდა, რომ ჩანაწერი ასახავდა სავარაუდოდ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს.
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე შსს-ს ამ ეტაპისთვის 45 ადამიანი ჰყავს დაკავებული.
დაკავებულთა შორის არიან „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები – პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
ბაჩო ახალაიამ 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე ჰქონდა მისჯილი. მან საპატიმრო 2022 წელს დატოვა.