სუსი: ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი

პუბლიკა

„ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი “ – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბაჩო ახალაიას განცხადებასთან დაკავშირებით. სუსის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ თუ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და სხვების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, მის ცოლს დაიჭერდნენ და შვილს 10 წლით ობლად დაუტოვებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ ახალაიას ჰკითხეს, მხოლოდ მას ჰქონდა „სატელეფონო ინტერნეტკავშირი“ ზოდელავასთან და სხვებთან თუ ანი ნადარეიშვილსაც.

„ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი და ემსახურება სიმართლის იმგვარად დამახინჯებას, რომ საზოგადოებას რეალობის საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია მის მიერ მოგონილი ამბავი „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე.“

სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა, დაკავების შემდეგ, ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს – მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილსაც.

ბაჩანა ახალაიას იქვე, მოპოვებული უტყუარი მონაცემების შესახებ დეტალური ახსნის პარალელურად განემარტა, რომ დანაშაულის აღიარება-არაღიარების მიუხედავად თუ ის მხოლოდ საკუთარ ინტერნეტკონტაქტს დაადასტურებდა, მის მეუღლეს გაცილებით მაღალი ალბათობით გამოერიცხებოდა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რისკი.

მიუხედავად ამისა, მან ჩვენების მიცემაზე და ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე განაცხადა უარი, რის შემდეგაც, პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ანნა ნადარეიშვილი მაინც გათავისუფლებულიყო დაკავებიდან და გამოძიებას მომავალში ემსჯელა მისი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.

ახალაიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, განსაკუთრებით მისი ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი სამართლებრივი და მორალური სტანდარტით მოქმედება მუქარად წარმოაჩინოს, მხოლოდ მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების პროცესში“, – აცხადებენ სუს-ში.