რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა

პუბლიკა

9 იანვრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასირებული კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 242 დრონი, მათ შორის, გამოიყენეს ბალისტიკური რაკეტა „ორეშნკი“.

ამ დროის ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა – 25.

ორეშნიკი“ (რუსულად – „თხილი“) ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო მანძილის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტაა. მას პოტენციურად 5 500 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედება შეუძლია და ამჟამად გამოწვევას უქმნის დასავლური საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს.

„ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყა 13-მა ბალისტიკურმა რაკეტამ, ერთმა საშუალო მანძილის ბალისტიკურმა რაკეტა „ორეშნიკმა“ და 22-მა ფრთოსანმა რაკეტამ. თავდასხმა მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც ქვეყანაში მკვეთრად აცივდა. ეს ყველაფერი მიმართულია უშუალოდ ჩვეულებრივი ადამიანების ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგ“, – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდასხმისას გამოყენებული იყო „ორეშნიკი“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსა და NATO-უკრაინის საბჭოს სასწრაფო სხდომების მოწვევას მოითხოვს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დარტყმის სამიზნე „უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტები“ იყო.

„2026 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, კაპუსტინ იარის პოლიგონიდან მტრის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო, მთელ უკრაინაში სარაკეტო განგაში გამოცხადდა. აფეთქებები დაფიქსირდა ლვივის ოლქში. ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალებმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ბალისტიკური სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ სწორედ კაპუსტინ იარშია ბაზირებული.

ლვივის მერმა, ანდრიი სადოვიმ 9 იანვრის ღამეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმის შესახებ განაცხადა. „იყო თუ არა ეს რაკეტა „ორეშნიკი“, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას სამხედროები მოგვაწვდიან“, – თქვა სადოვიმ.

ამ დილით სადოვიმ განმარტა, რომ ლვივის თემში, სოფელ რუდნოში განხორციელებულმა თავდასხმამ გაზის უსაფრთხოების ავტომატური სისტემის ამოქმედება გამოიწვია.

„უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე გაზმომარაგება დროებით შეუწყდა 376 აბონენტს“, — განმარტა მერმა.

უკრაინამ მოკავშირეებისგან „ორეშნიკით“ განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ „გადამჭრელი მოქმედებები“ მოითხოვა.

„მსგავსი დარტყმა ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას და გამოცდაა ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.

მისი თქმით, კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისა და უკრაინა-ნატოს საბჭოს შეხვედრის ინიციირებას მოახდენს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი.

მან თქვა, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს, ვინაიდან დიპლომატიაზე რუსეთის პასუხი კიდევ უფრო მეტი რაკეტა და ნგრევაა.

„რუსეთის მხრიდან განმეორებითი მასშტაბური დარტყმების ეს მომაკვდინებელი სქემა გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ დავეხმარებით უკრაინას მის გატეხვაში.

რუსეთის მიერ რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და მიზნად ისახავს ევროპისა და აშშ-ის გაფრთხილებას.

ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო მეტად უნდა უზრუნველყონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ჩვენ ასევე კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ამ ომის ფასი მოსკოვისთვის, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით“. – დაწერა კაია კალასმა X-ზე.