ტროტუარზე დგომისთვის გიორგი წულაიას მიმართ შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს

პუბლიკა

ტროტუარზე დგომისთვის გიორგი წულაიას მიმართ შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

რა ხდება?

გიორგი წულაიას შსს ედავება, რომ მან 20 დეკემბერს ტროტუარი ხელოვნურად გადაკეტა. შსს-მ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი და მიმართა სასამართლოს.

კერძოდ კი, ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე.

ეს მუხლი აერთიანებს რამდენიმე სახის სამართალდარღვევას, მათ შორისაა:

  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
  • დაბრკოლებების შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
  • ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა.

როდის დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?

სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე სახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა [განმეორებით] – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

აღსანიშნავია, რომ გზის გადაკეტვის საბაბით წულაიას ოქტომბერში 8 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე ჰქონდა შეფარდებული.

ტროტუარის საქმის განმხილველი მოსამართლე დავით მაკარაძე წერს, რომ ვინაიდან ის უკვე სახდელდადებულია ამავე მუხლით და ვინაიდან მის მიმართ იმავე მუხლით შეადგინეს სამართალდარღვევის სხვა ოქმი, საქმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ის რეაგირებისთვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.

„განსახილველ შემთხვევაში, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მოძიებულ იქნა შემდეგი ინფორმაცია – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით გიორგი წულაია ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 8 დღით.

აღნიშნილი დადგენილება გიორგი წულაიას ჩაბარდა 2025 წლის 23 ოქტომბერს, მაგრამ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გიორგი წულაიას მიმართ 2025 წლის 20 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც გიორგი წულაიას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს“, – წერს მოსამართლე.