ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სრულდება ჭიათურის პროტესტის მონაწილეების საქმის განხილვა.
12 იანვარს მოსამართლემ ორი ბრალდებულის, გიორგი ნეფარიძისა და მერაბ სარალიძის საბოლოო სიტყვას მოუსმინა.
„ჩვენ ბევრ თავისუფლებაზე მყოფ ადამიანზე თავისუფალი ვართ, რადგან ჩვენ პირდაპირ და ღიად ვსაუბრობთ ყოველთვის იმაზე, რა პრობლემებიც ჩვენს ქალაქშია და არამარტო ჩვენს ქალაქში, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში.
არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ამ ყველაფერს, მაგრამ შიშის და შებოჭვის გამო ხმასაც კი ვერ იღებენ. და ჩვენ მეტად თავისუფალი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ ვართ დღეს ციხეში გამოკეტილი.
თუ რეალურად ნომერ პირველი პრიორიტეტია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის, პოლიციისთვის, სუსისთვის კორუფციასთან ბრძოლა, დაიწყონ „ჯორჯიან მანგანეზიდან”.
ნახავენ, რამხელა კორუფციული სქემაა, მაგრამ ჭიათურიდან და „ჯორჯიან მანგანეზიდან” რომ დაიწყონ, თავის თავს ხომ არ დასჯიან და დაიჭერენ? ამიტომ ის ადამიანები, რომლებმაც ამ ყველაფერზე ხმამაღლა დაიწეს საუბარი, ხელს უშლიდნენ ყველას…
რაც არ უნდა გააკეთოს სისტემამ, პრემიერი გააკეთებს ამ განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე თუ მთელი სისტემა იქნება ამ ამბავში ჩართული, ის პრობლემები, რომლებიც ჭიათურაში დგას, ჩვენი ციხეში გამოკეტვით, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვით ვერ მოგვარდება… იმედს დავიტოვებ, რომ თქვენ, ბატონო მოსამართლევ, არ მოექცევით არავისი ზეგავლენის ქვეშ არც პრემიერის, არც პროკურორის…”, – განაცხადა პროცესზე გიორგი ნეფარიძემ.
მომდევნო პროცესი 16 იანვარს ჩაინიშნა – საბოლოო სიტყვებს იტყვიან თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე. ბრალდებულების საბოლოო სიტყვების შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
შუქრუთის მცხოვრები გიორგი ნეფარიძე ჭიათურაში პროტესტის 3 მონაწილესთან – თენგიზ გველესიანთან, მერაბ სარალიძესთან და არჩილ ჭუმბურიძესთან ერთად 29 აპრილს დააკავეს.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას.