საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წელი მიესაჯა, რუსთავის ციხეში მოინახულა ადვოკატმა.
„იგი არის მხნედ, იმყოფება იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ნებისმიერი სხვა პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე. რამე კონკრეტული გზავნილი ან მესიჯი მას მით უფრო საზოგადოებისთვის გადასაცემად ნამდვილად არ დაუბარებია.
ველოდებით იმ პროცედურების გავლას, რა პროცედურებიც მსგავსი ტიპის პატიმარს ახასიათებს – ვგულისხმობთ პირველადი საკითხების გადაწყვეტას.
როდესაც მოხდა პოზიციების შეჯერება ბრალდების მხარესთან, მაშინ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ეს დადგენილი წესია. მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება მხარეებს შორის, შედგება შეთანხმება და შესაბამისად, თუკი ბრალდებულისთვის ცხადია, რომ ის საპატიმრო სასჯელს მოიხდის, ლოგიკაც არის იმაში, რომ რაც ადრე შევა საპატიმრო დაწესებულებაში და ადრე დაიწყებს სასჯელის მოხდას, ადრე დატოვებს მას“, – განუცხადა TV პირველს ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ირაკლი ღარიბაშვილი დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებაში, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას მიესაჯა 5 წელი, დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით, ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
რას ედავებოდა ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურა?
გამოძიების ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრის და პრემიერის პოზიციებს იკავებდა, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და, ხელფასის გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება, თუმცა ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში „ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს“.
პროკურატურის ვერსიით, ღარიბაშვილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მიზნით ქონებრივ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს მამისგან, ტარიელ ღარიბაშვილისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით ლეგალურ ბრუნვაში მოექცა კერძო ბიზნესიდან მიღებული 830 000 ლარი.
ამის გარდა, გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა 2023-24 წლებში შეიძინა და მამის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარის ორი ავტომანქანა.
ასევე მამის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და წარმოადგენდა ღვინის საწარმოს. მოგვიანებით ეს ქონება გადაფორმდა ტარიელ ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებულ შპს „ღარიბაშვილის მარანზე“, სადაც 2023-25 წლებში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილმა თანხის ძირითადი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გადაიყვანა, შედეგად მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
12 იანვარს პროცესის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა მედიას განუცხადა, რომ პროკურატურამ მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარა და ბრალდების შინაარსიდან ამოიღეს ღვინის ქარხანასთან დაკავშირებული ერთი ეპიზოდი და დარჩა ის, რომ ღარიბაშვილი ღვინის ინდუსტრიიდან მიღებულ შემოსავლებს დეკლარაციაში არ უთითებდა.
„დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, კერძოდ ის, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები ქარხანასთან დაკავშირებით, გადასახადები ზედმიწევნით შესრულებულია, შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა – ქარხნის ნაწილში ბრალი აღარ ედება.
დარჩა ბრალი იმ ნაწილში, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია და შესაბამისად, ეს არის ის დანაშაული, რაც აღიარა, კერძოდ 194-ე მუხლის, მესამე ნაწილი (გ) ქვეპუნქტი.
გარდა ამისა, მას განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს 1 მილიონი ლარი ჯარიმა, ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არ არის სამოხელეო დანაშაული, დანაშაული ფინანსური სფეროს დანაშაულს განეკუთვნება“, – თქვა ადვოკატმა.