ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, 400-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ხორხე როდრიგესის თქმით, ციხიდან პატიმრების გათავისუფლების მიზანს „მშვიდობიანი თანაცხოვრების“ ხელშეწყობა წარმოადგენს.
„დაკმაყოფილებულია გადაწყვეტილება ზოგიერთი პატიმრის გათავისუფლების შესახებ, არა პოლიტიკური პატიმრების, არამედ ზოგიერთი პოლიტიკოსის, ვინც კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში შემოჭრისკენ მოუწოდებდნენ“, – თქვა როდრიგესმა.
New York Times-ის ცნობით, 14 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვენესუელის დროებითმა მთავრობამ ამერიკის რამდენიმე მოქალაქე გაათავისუფლა. გამოცემას წყარო უყვება, რომ ამ დროისთვის, სულ მცირე, სამი ამერიკელია გათავისუფლებული.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვენესუელამ, შეერთებული შტატების მიერ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-ს მოქალაქეები გაათავისუფლა.
მიუხედავად ვენესუელის მთავრობის მტკიცებისა, ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა გაცილებით დაბალია და ხელისუფლებამ დაახლოებით, 60-70 ადამიანი გაათავისუფლა.
არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ პატიმრების გათავისუფლებებთან დაკავშირებული ნელ ტემპს და ინფორმაციის ნაკლებობას.
ერთ-ერთმა წამყვანმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ Foro Penal, რომელიც დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას უწევს, განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ვენესუელის ციხეებში სულ მცირე 800 პოლიტპატიმარი იმყოფებოდა.
გასულ ორშაბათს ვენესუელის სასჯელაღსრულების უწყებამ განაცხადა, რომ 116 ადამიანი გაათავისუფლეს, თუმცა დამოუკიდებელმა ჯგუფებმა მაშინ მხოლოდ 41 შემთხვევა დაადასტურეს.
2024 წლის არჩევნებში შემდეგ უფლებადამცველი ჯგუფები ვენესუელის ციხეებში 2000-მდე პოლიტიკურ პატიმარს ითვლიდნენ, თუმცა რეჟიმი აცხადებს, რომ მათი უმრავლესობა უკვე გაათავისუფლა.