ადვოკატი: პაპუაშვილის წინააღმდეგ მარიამ მეყანწიშვილის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

პუბლიკა

ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ „პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“ სარჩელი 31 დეკემბერს შეიტანა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ განმარტა, რომ: „საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი არ ექვემდებარება სამართლებრივ პასუხისმგებლობას უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორის პარლამენტში ან მის ფარგლებს გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის. პარლამენტის წევრის მოვალეობის შესრულება მოიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ საკითხებზე საჯარო განცხადებებს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფენ დეპუტატის უფლებამოსილების შეუფერხებელ განხორციელებას და მისი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიას, ხოლო საპარლამენტო იმუნიტეტი და ინდემნიტეტი ემსახურება დემოკრატიული მმართველობისა და ამომრჩევლის ნების დაცვას.

ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს და მისი სანქცირება პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმისთვის გაუმართლებელია. სასამართლოს შეფასებით, სადავო განცხადება გაკეთებული იყო საპარლამენტო მანდატის განხორციელების ფარგლებში და, შესაბამისად, დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით.“

ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერს, რომ მოსამართლე „ფაქტობრივად, მოპასუხე გამოვდა“.

„რა ირონიაა, არა?! როდესაც საქმე მაღალჩინოსნების დაცვას ეხება, სასამართლოებს მაშინვე ახსენდებათ საქართველოს კონსტიტუცია. ხოლო როდესაც მოქალაქეების წინააღმდეგ “ტროტუარის გადაკეტვას” ედავებიან და წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვას ვითხოვთ, ამას „მოსამართლის საქმიანობაში ჩარევად“ აფასებენ.

ამ შემთხვევაში მოსამართლე ფაქტობრივად გამოვიდა მოპასუხე შალვა პაპუაშვილის უფლებადამცველად და მთელი ძალღონე დახარჯა, დაჯდა, დაწერა და მთელი გულით, 11 გვერდზე დაასაბუთა, თურმე რატომ ჰქონია შალვა პაპუაშვილს უფლება დაერღვია ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია, დაედანაშაულებინა იგი დანაშაულის ჩადენაში და გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები, ხოლო სასამართლოს კი დაეცვა ეს ქმედებები იმ არგუმენტით, რომ ეს მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ნაწილი ყოფილა.

ამასთან, სასამართლომ საკუთარ თავს მისცა უფლება, კონკრეტული გარემოებები უდავო ფაქტობრივ გარემოებებად ჩაეთვალა ისე, რომ მხარეების პოზიციები ჯერ არც კი აქვს მოსმენილი.

შესაბამისად, სასამართლომ რეალურად შეასრულა მოპასუხის ფუნქცია, მოპასუხის ნაცვლად ჩამოაყალიბა არგუმენტაცია, ისე რომ არც კი იკადრა საქმის წარმოებაში მიღება და არც დაელოდა, თუ რას იტყოდა თავად მოპასუხე. აქედან გამომდინარე, მოსამართლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სრულად უსაფუძვლო და უკანონოა“, – წერს ადვოკატი.

მარიამ მეყანწიშვილის სარჩელი შეეხებოდა 2025 წლის 17 ოქტომბერს X-ზე პაპუაშვილის მიერ განთავსებულ პოსტს, რომელშიც მან მარიამ მეყანწიშვილი „უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად“ მოიხსენია. პაპუაშვილმა ასევე დაწერა, რომ მარიამ მეყანწიშვილი „მონაწილეობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის თავდასხმის დროს ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში“.