სასამართლომ ანა ბდეიანის ტროტუატრზე დგომის საქმეზეც შეწყვიტა წარმოება და შსს-ს გადასცა

პუბლიკა

ადვოკატ მარიკა არევაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე კაპანაძემ ანა ბდეიანის ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა და შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. ანა ბდეიანს დადგენილება დღეს ჩაბარდა.

მარიკა არევაძის ცნობით, მოსამართლეს დასაბუთებაში აღნიშნული აქვს, რომ შესაძლოა, საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის ნიშნებს.

ანა ბდეიანს შსს ტროტუარის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილითაა შედგენილი.

ანა ბდეიანი მანამდე, 2025 წლის 4 ნოემბერს სამართალდამრღვევადაა ცნობილი საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. ეს სამართალდარღვევაც ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილშია გაერთიანებული.

ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ქმედების [განმეორებით] ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეწყდა და შემდგომი რეაგირსებითვის შსს-ს გადაეცა გიორგი წულაიას საქმეც.