„ოცნებამ“ BBC-ის მიმართა და ფილმის წაშლა და საჯარო ბოდიში მოითხოვა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გუშინ, 14 იანვარს, პარტიის სახელით ოფიციალურად მიმართეს BBC-ის.

პაპუაშვილის მტკიცებით, ნოემბერ-დეკემბრის აქციების შესახებ მომზადებულ ფილმში BBC მცდარ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებს.

„პარტიის სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ის…

ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს ფილმის და მასთან დაკავშირებული მასალების აღება პლატფორმებიდან;

BBC-ის მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის – თითქოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი; თითქოს სამართალდამცველებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს, როდესაც შეკრების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ; მტკიცებისთვის, თითქოს „ოცნების“ ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია; თითქოს ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა შეკრებების დაშლის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბრიტანეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ საჩივრით ჯერ უნდა მიმართონ თავად მედიას, ხოლო თუ მედია არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ აქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ექნებათ შესაძლებლობა, ბრიტანეთის სასამართლოს მიმართონ.

„საქართველოს წინააღმდეგ ამ საძაგელი კამპანიის მხილებისთვის ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.

BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, რომლიც ნამდვილობაც დაადასტურეს.

დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:

ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ქიმიური სითხე, კოდით – UN1710, რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.

BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა. ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.

გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.

BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.

სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ 6 დეკემბერს ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ 2024 წლის წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.

მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.

ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.