„სფერო ინვესტის“ დირექტორი გიორგი მურუსიძე იტალიის საელჩოში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ტელეკომპანია პირველმა“ გაავრცელა.
„გიორგი მურუსიძეზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო დევნა, მას კიდევ იტალიაში მოუთხოვია პოლიტიკური თავშესაფარი და დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტაციის მოსაპოვებლად (ალბათ, იქ რაღაც დამატებით დოკუმენტაციას ტოვებ) მისულა საელჩოში. საელჩოში რომ მივიდა, საელჩოშივე დააკავეს“, – ამბობს ტვ პირველთან ინტერვიუში ადვოკატი ნონა ფილაური.
როდის მოხდება დაკავებულის ექსტრადირება საქართველოში, ჯერ უცნობია. ტვ პირველთან ინტერვიუში საქმის პროკურორი ნინო კეპულაძე ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და ექსტრადაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
რაც შეეხება „სფერო ჰოლდინგისა“ და „სფერო ინვესტის“ მფლობელს, გივი წულეისკირს, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, ადვოკატის თქმით, მან გადაწყვიტა იშიმშილოს.
„რაც შეეხება წულეისკირს, წულეისკირმა გადაწყვიტა, რომ შიმშილობა დაიწყოს. მისი მოტივაცია არის შემდეგი – მე მინდა დავაკმაყოფილო დაზარალებულები და სახელმწიფო არ მიწყობს ხელს. სახელმწიფო ჩაერიოს მოლაპარაკებებში დაზარალებულებთან და მისი უძრავი ქონებებით ან პირდაპირი გაცვლის წესით ან რეალიზაციის წესით, მოხდეს ასე ვთქვათ, მათი დაკმაყოფილება“, – აცხადებს ნონა ფილაური.
პროკურატურამ გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალი 11 ნოემბერს წარუდგინა – უწყება მათ წინასწარი ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ თაღლითობას ედავება. პროკურატურა აცხადებს, რომ მათ მოქალაქეებისგან 12 მილიონამდე ლარი მიითვისეს. უწყების განცხადებით, დაზარალებულია 244 მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანის, აკაკი ლუკავას თქმით კი, მათი რაოდენობაა 570-ია.