ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP, რომელიც საერთაშორისო აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია მსოფლიო ბაზარზე, თბილისის აეროპორტის განვითარების ფარგლებში 2027–2031 წლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია,“ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განახლებული პირობებით გააგრძელებს.
ღონისძიებას ირაკლი კობახიძესთან ერთად ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფილიპე პასკალი, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და სხვა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ შორის არსებული 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა პარტნიორობის ახალი, გაფართოებული ეტაპის საფუძვლად იქცა, რაც მიზნად ისახავს აეროპორტის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბის, პოზიციის განმტკიცებას. პროექტმა უნდა გააუმჯობესოს მგზავრთა მომსახურების ხარისხი, გაზარდოს ქვეყნის დაკავშირებადობა, ხელი შეუწყოს ტურიზმისა და ბიზნესმობილობის განვითარებას და შექმნას დამატებითი ეკონომიკური სარგებელი სახელმწიფოსთვის.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.
ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას – დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.
ამავე პრეზენტაციაზე “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ნომინალური ეკონომიკა 16 მლრდ დოლარიდან 37.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მისივე თქმით, სწორედ განვითარების ეს ტემპი იძლევა იმის საშუალებას, რომ იზრუნონ ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე.